პროკურატურამ თსუ-ს ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა

05.10.22 18:38
პროკურატურამ თსუ-ს ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი  პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავეს.

 საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ყოფილმა ბუღალტერმა ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე  გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით  - 165 000 ლარი.  

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა  „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო  105000 ლარის კრედიტი.
დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით  თანხის მითვისების,  მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.