სოფელ დვანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს - სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.
„საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპციო ძალას ეკისრება“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.