"ყველაფერი შეიცვალა ჩემთვის...ჩავეტანე და მორჩებოდა ყველაფერი" - 1 წელი ბათუმის ტრაგედიიდან

08.10.22 12:19
"ყველაფერი შეიცვალა ჩემთვის...ჩავეტანე და მორჩებოდა ყველაფერი" -  1 წელი ბათუმის ტრაგედიიდან

1 წელი ბათუმის ტრაგედიიდან. ამ წუთებში 26 მაისის ქუჩაზე ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრები, ნათესავები და მათი ახლობლები არია შეკრებილები.

2021 წლის 8 ოქტომბერს 26 მაისის 13 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის ერთი ნაწილი დღის 12 საათზე ჩამოიშალა. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 3 ერთი ოჯახის წევრი - დედა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილია. 

კორპუსის ჩამოშლის მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა, რომელიც პირველ სართულზე ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა. საქმეს ჰყავს სამი დაკავებული - ფართის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და ორი მუშა, რომლებიც  ადგილზე მუშაობდნენ.

საცხოვრებელი კორპუსის გადარჩენილი ნაწილი საბოლოოდ დემონტაჟს დაექვემდებარა. 55 ოჯახის მისამართი შეცვლილია და ახლა ისინი ახალი კორპუისის მშენებლობის მოლოდინში არიან.