თელავში 23 წლის გოგო მოკლეს

09.10.22 19:12
თელავში 23 წლის გოგო მოკლეს

თელავში 23 წლის გოგო მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები ქალს დანით მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა.  შემთხვევა დღის 4 საათზე ალაზნის გამზირზე მოხდა. 

ირკვევა, რომ სისხლიან ანგარიშსწორებას ქალის არასრულწლოვანი შვილებიც შეესწრნენ. "პირველებს" წყარო უყვება, რომ სასტიკი დანაშაული ციხიდან 4 დღის გათავისუფლებულმა მამაკაცმა ჩაიდინა. ის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.  მას ბრალად იმ ქალზე ძალადობა ედებოდა, რომელსაც დღეს ის სასტიკად გაუსწორდა. 

მეზობლები ყვებიან, რომ მათ ერთ-ერთი არასრულწლოვნის ხმა შემოესმათ, რომელიც შველას ითხოვდა, ადგილზე მისულებს კი უმძიმესი სურათი დახვდათ - ქალი დანით იყო ყელგამოჭრილი. 

26 წლის მამაკაცი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ნოდარ გამხეტელაშვილმა სამართალდამცავებს ჩვენება უკვე მისცა. 

მკვლელობის ადგილას, საცხოვრებელ ბინაში საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთშიც გრძელდება. ექსპერტ-კრიმინალისტები დნმ-ის ნიმუშებს აგროვებენ და ტერიტორიას ასურათებენ. 

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.