თოლორაია კაციტაძის წინააღმდეგ - ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი სისტემას ამხელს
სისტემის მხილება კიდევ ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაიწყო. ლონდა თოლორაია თაროზე შემოდებულ საქმეებზე ალაპარაკდა.
ირკვევა, როცა სახელმწიფო ინსპექტორი პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციით მიმართავდა, საგამოძიებო უწყება კი პროცესს განზრახ აჭიანურებდა, რადგან გამოძიების დაწყება არ უნდოდათ პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, გადაცდომებზე, მოქალაქეებზე ზეწოლის შემთხვევებზე.
ლონდა თოლორაია ბრალდებას უყენებს კოკა კაციტაძის უწყებას.
ყოველთვის აჭიანურებდა, ან არ იწყებდა სისხლის სამართლებრივ დევნას. ამით იყო განპირობებული ის გარემოება, რომ ჩვენ კანონში ჩაწერილ უფლებამოსილებას მივმართავდით და წერილობით მივმართავდით პროკურატურას.
იყო შემთხვევები, როცა მიგვიმართავს პოლიციის, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ, ყოველ ჯერზე ჩვენ მოგვდიოდა უარი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე. ამბობდნენ, რომ არ არსებობს დევნის დაწყების სტანდარტი.
იყო მნიშვნელოვანი საქმეები, სადაც იკვეთებოდა პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბება. იყო საქმეები, როცა დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ხელის მოტეხვის ფაქტს. არც ისე მარტივი საქმეები იყო - აცხადებს ლონდა თოლორაია.