ნიკა გვარამია განაჩენის მოლოდინში - დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება
ნიკა გვარამია განაჩენის მოლოდიონში - მოვლენათა ეპიცენტრი სააპელაციო სასამართლოა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება.
გვარამიას ადვოკატი პროცესის დაწყებამდე ამბობს, რომ სასამართლოზე ბრალდების აბსურდულობა კიდევ ერთხელ დამტკიცდება:
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე წარვსდგებით დასკვნითი სიტყვით, კიდევ ერთხელ დავასუბთებთ ბრალდების აბსურდულობას. პრინციპში ისედაც ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არის დატყვევებული ნიკა გვარამია. კიდევ ერთხელ ავუხსნით სასამართლოს, თუ რატომ არის აბსურდული პროკურატურის მტკიცება და მათ მიერ მოყვანილი ფაქტები“ - აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, წესით სასამართლომ განხილვა 24 ოქტომბერს უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ამის შემდეგ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, აიღებს თუ არა დამატებით მოკლე ვადას განაჩენის გამოსატანად:
,,წესით და რიგით 24-ში უნდა დავასრულოთ განხილვა. ამის შემდეგ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, აიღებს თუ არა დამატებით მოკლე ვადას განაჩენის გამოსატანად. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე არ არის რთული სამართლებრივი თვალსაზრით და იმის გათვალისწინებით, რომ 24-ში მხოლოდ და მხოლოდ მხარეების რეპლიკები არის დარჩენილი, წესით, სასამართლოს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და უნდა მოვისმინოთ განაჩენი“ - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
"მთავარი არხის" დამფუძნებლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღეს სხდომათა დარბაზში საბოლოო სიტყვას ადვოკატები იტყვიან.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".