ხანძარი დროში თანხვედრილია იმ პოლიტიკასთან, რასაც მერია შეუპოვრად ახორციელებდა - წალენჯიხის მერი
წალენჯიხის მერი ფიქრობს, რომ მისი ავტომობილის აფეთქება პოლიტიკურ მოტივებთან არის კავშირში. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
გიორგი ხარჩილავას თქმით, ის ყოველვირეულად აწყობდა ბრიფინგებს, რომლებზეც წალენჯიხაში არსებულ მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობდა. საუბარია ანტიკორუფციულ და ხელისუფლების მამხილებელ დასკვნებზე.
ოპოზიციონერი მერი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ბრიფინგები და ავტომობილის აფეთქება დროში თანხვედრილია.
თქვენ თუ ატყობდით, ყოველკვირეულად მერია მართავდა ბრიფინგებს, რადგან ყველა მასალა, რასაც ჩვენ შიგნიდან ვხედავთ, ყველა დასკვნა საჯარო ყოფილიყო მოსახლეობისთვის. ეს ბრიფინგები ხდებოდა უფრო და უფრო მწვავე და გახდება უფრო და უფრო მწვავე, მე ამის პირობას ჩვენს მოსხლეობას ვეტყვი. ჩვენ კიდევ უფრო აზარტულები ვიქნებით ამ ბრიფინგებთან მიმართებაში, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში, როგორც დაზარალებული მხარეს, მაქვს სრული უფლება ვთქვა, რომ მაშინ, როდესაც ჩემი დასვნები უკავშირდება ხელოვნურად გაჩენილ ხანძარს, ეს დროში თანხვედრილია სწორედ იმ პოლიტიკასთან, რასაც მერია ახორციელებდა ჯიუტად და შეუპოვრად, - ამბობს ხარჩილავა.
წალენჯიხაში ქალაქის მერის ავტომობილი ააფეთქეს. შემთხვევა გუშინ გამთენიისას მოხდა.
ავტომობილი პირადად გიორგი ხარჩილავას საკუთრება იყო და მერიის ბალანსზე არ ყოფილა.
ვინ და რა მოტივით დაწვა ქალაქის მერის ავტომობილი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდო დამანაშავეები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.