არავინ დაიჯერებს, რომ მამაჩემი საიდუმლო ვიდეომასალებს ბავშვების სათამაშო კარადაში ინახავდა - ნინი გოგაშვილი
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გავრცელებულ ახალ სკანდალურ წერილს მისი ოჯახი ეხმაურება.
როგორც სოსო გოგაშვილის შვილი აცხადებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნება“ უსმენს დ აუთვალთვალებს ყველას.
ამასთან, ნინი გოგაშვილი აღნიშნავს, რომ „ოცნება“ ცდილობს, თავის გაფუჭებული საქმეები ახლა სოსო გოგაშვილს გადააბრალონ.
„ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საიდუმლო სახის შემცველ ვიდეომასალებს და ინფორმაციებს ინახავდა წამლების ყუთში და ბავშვების სათამაშო კარადაში. ეს არის აბსურდი. მამაჩემი არ აღიარებს ამ ცრუ ბრალდებებს. დღეს საქართველოში არის ბინძური სისტემა , რომელიც ადამიანებს ატერორებს, უთვალთვალებს და მათ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს“. - ამბობს ნინი გოგაშვილი.
რაც შეეხება იოსებ გოგაშვილის ადვოკატს, მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერები საჯაროდ განადგურდა 2016 წელს და შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს ჩანაწერები სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ხელში მოხვედრილიყო.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, პროკურატურამ სახელმწიფომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი დაუმძიმა.
სოსო გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.