ვაკის პარკში დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
13 წლის მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, "ნიუ ჰოსპიტალში", რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია.
"დინამიკაში მისი მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღენიშნებოდა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ამჟამად ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე გეგმურად სძინავს საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე. კვლევებში თავის ტვინის რაიმე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები ამ ეტაპზე არ აღენიშნება. პირველი 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა, რაც მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როგორ იქნება“, – თქვა ექიმმა.
რაც შეეხება მეორე მოზარდს, ის "იაშვილის კლინიკაშია" მოთავსებული, ექიმები 13 წლის მოზარდის ანალიზების პასუხებს ელოდებიან, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული, რომ პაციენტი სახლში დღის ბოლომდე გაწერონ.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ.
მომხდარის შედეგად 13 წლი მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება.