13 წლის მარიტა ამქვეყნიური ანგელოზია - გადარჩენილი ბიჭის ახლობლები
13 წლის ლაზარეს მდგომარეობა საათობრივად უმჯობესდება - გადარჩენილი მოზარდი ცოტა ხნის წინ მშობლებმა მოინახულეს.
"ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმაციული განყოფილების კარი მათთვის საგანგებოდ გაიღო. ბავშვი კონტაქტურია და სვამს წყალსაც.
ლაზარეს ოჯახის სახელით განცხადება გლდანის მაჟორიტარმა კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა, რომელიც მოზარდის ოჯახის ახლობელია და ბოლო ორი დღეა კლინიკასთან იმყოფება.
ლაზარეს ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მარიტა მეფარიშვილი ლაზარესთვის მფარველი ანგელოზი აღმოჩნდა, რომელმაც 13 წლის მეგობარი გადაარჩინა.
გადარჩენილი ბიჭის ახლობლები მადლობას უხდიან დევი მეზურნიშვილს რომელმაც მოზარდი შადრევნიდან ამოიყვანა და მეგი ბანცაძეს, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
"13 წლის მარიტა არის ამქვეყნიური ანგელოზი, იმიტომ რომ მან შეგნებულად გადაარჩინა მეგობარი, როცა დაინახა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ მარიტას ოჯახისთვის თუ რაიმე სახის შვება იქნება ეს, მარიტა ლაზარეს გადამრჩენელი იყო, შემდეგ მებაღე და ქალბატონი მეგი, ვინც პირველადი დახმარება გაუწია. ამ ყველაფერის გათვალისწინებით მივიღეთ ის, რომ დღეს ლაზარემ მშობლების კითხვებს უპასუხა და წყალიც დალია. აპარატიდან მოხსნეს და დამოუკიდებლად სუნთქავს"- თქვა მედიასთან გადარჩენილი მოზარდის ოჯახის ახლობელმა.
ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში 3 მოზარდს დენმა გუშინ დაარტყა. მერვეკლასელი ბიჭები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. 13 წლის მარიტა კი მეგობრების გადასარჩენად წყალში შევიდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.