"რაიმე სახის გადახვევას ადგილი არ ჰქონია" - დაკავებული ექსპერტების ადვოკატი
დაკავებული ექსპერტები ბრალს არ აღიარებენ. კატეგორიულად უარყოფენ გამოძიების ვერსიასაც, რომ ექსპეტიზის დასკვნა გაყალბებულია.
არანაირი დანაშაულის ჩადენას ეს ადამიანები არ აღიარებენ. არ მიიჩნევენ, რომ რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. ჩემი დაცვის მყოფი განცხადებით და პოზიციით, ყველა ის მოქმედება, რაც პროექტის ჯეროვნად შესრულებისთვის იყო საჭირო, განხორციელებულია თანმიმდევრულად. ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გადახვევას, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით, საუბარი მაქვს „გრინსერვისი“ მხრიდან, - ამბობს „გრინსერვისი“ თანამშრომლების ადვოკატი.
გამოძიების ვერსიას, რომ ექსპერტიზა გაყალბებული იყო, კომპანია "გრინსერვის პლიუსის" დამფუძნებელიც გამორიცხავს. კობა ხარჩილავა ამბობს, რომ მისი თანამშრომლები მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა სამართლებრივად მათი დაკავების საფუძველი არ არსებობდა.
რაც შეეხება იმას, რომ ექსპერტიზა არის გაყალბებული, სრულიად წარმოუდგენელია. ვისაც ამ საქმესთან ოდნავ მაინც შემხებლობაში არის, ყველა დაადასტურებს ამას. მე მჯერა, რომ ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის - უნდა დადგინდეს სიმართლე. სამართლებრივად მოულოდნელი იყო, მაგრამ მორალურად ნამდვილად ყველა ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
რამდენიმე წუთის წინ ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან თბილისის მერიის მაღალჩინოსნის კიდევ ერთი ადვოკატი გამოჩნდა. კახა წერეთელი ამ წუთებში გიორგი ვახტანაგაშვილს ხვდება.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულ 9 პირისთვის ბრალის წარდგენა დღეს არ მოხდება. სავარაუდოდ, ოფიციალურად ბრალი მათ ხვალ წარედგინებათ და სასამართლოც ხვალვე ჩაინიშნება.