ექსკლუზიური კადრები: გადაცმული პოლიციელები ქუჩებში ადამიანებს ჩხრეკენ
ახალგაზრდების ადევნება, ჯიბეების ამობრუნება, ჩანთების ჩხრეკა - გადაცმული პოლიციელების რეიდის ამსახველ ექსკლუზიურ კადრებს "შაბათის ეთერი" ასაჯაროებს.
კონფიდენტის მიერ გადაღებულ კადრებში, ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩური წესით საქმეებს ურჩევს ქუჩაში მყოფ ახალგაზრდებს. მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდება საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მისივე კოლეგების ჩადენილ უკანონობას უბრალოდ არ იმჩნევს.
ცნობისთვის, ფარული გადაღების შედეგად "შაბათის ეთერის" კონფიდენტმა მოიპოვა მოქალაქეებს უკანონო ჩხრეკის არაერთი მტკიცებულება. ვიდეომასალით დგინდება რომ სანადიროდ გამოგზავნილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გადაცმულები არიან. არცერთს ფორმა არ აცვია. არ აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.
მოპოვებულ მორიგ ვიდეო კადრებში ჩანს როგორ აედევნა გადაცმული პოლიციელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ის მოქალაქეს ზურგზე ხელს ურტყამს და ჩხრეკას იწყებს.
ვაგზლის მეტრო სადგურზე გადაღებულ კიდევ ერთ კადრებში თითქმის მუხლებზე დაჩოქილი ახალგაზრდა მამაკაცს ჩანთას კრიმპოლის ორი თანამშრომელი რამდენიმე წუთის განმავლობაში უმოწმებს. შემდეგ ახალგაზრდა ფეხზე დგება და ჩანთის შემოწმებას პოლიციელები მეტროს მიმდებარედ განაგრძობენ. ამ ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცველებს ოქმიც კი არ შეუდგენიათ.
შაბათის ეთერის კონფიდენტმა მოქალაქეების არამხოლოდ ზედაპირული, არამედ ჩანთების ჩხრეკის კადრებიც გადაიღო. რისი უფლებაც პოლიციას არ აქვს.
კრიმინოგენული ვითარების უკიდურეს გაუარესებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა ხალხს ვისაც ქუჩაში აჩერებენ არ უმალავენ, ტოტალური ჩხრეკა ქალაქში არსებულ მძიმე რეალობას უკავშირდება.
ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც ქვეყანა დატოვა გვეუბნება, რომ მათ ჰქონდა გეგმა. დღეში 50 ადამიანისთვის მაინც უნდა გადაეღო ფოტო ქუჩაში, ვინც გეგმას არ შეასრულებდა სჯიდნენ.