კანონდარღვევით გახსნილი შადრევანი - ოპოზიცია თბილისის მერის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს
კანონდარღვევით გახსნილი შადრევანი - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი გამოძიების შემდეგ ოპოზიცია თბილისის მერის, მისი მოადგილის და ასევე, მერიის გადამდგარი თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემაზე საუბრობს.
თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ შადრევნის დაჩქარებული წესით გახსნა უბრალო შემდუღებლების და სამუშაოების რიგითი შემსრულებლების ინტერესში ვერ იქნებოდა.
პრაქტიკულად, მოვისმინეთ მერის მოადგილის აღიარებითი ჩვენება, რომელმაც აღიარა, რომ სამუშაოები არ იყო ბოლომდე მიყვანილი. ფაქტია, რომ იქ რიგითი შემდუღებლის ან თუნდაც სამსახურის უფროსის მოადგილის ინტერესში ვერ იქნებოდა, რომ დაჩქარებული წესით პიარისთვის შადრევანი გაეხსნათ. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მიიღებდა მერი და შესაბამისად, არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომ დაუსრულებელი შადრევანი, სადაც ჯერ კიდევ არ იყო სამუშაოები დასრულებული, პროცესში იყვნენ, როგორც თავად ამბობდნენ, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თბილისის მერს, იმიტომ, რომ მის გარდა გაჩქარებულ წესით დაუმთავრებელ შადრევანს ვერავინ გახსნიდა, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე კი ამბობს, რომ კალაძის პასუხისგებაში მიცემის ან თუნდაც გადადგომის საკითხს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.
ივანიშვილი როცა ჩათვლის საჭიროდ, რომ კალაძე დააკავონ, კალაძეს დააკავებენ ან პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ეტყვის, რომ გადადექი და გადადგება. ანუ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ივანიშვილი და კალაძეს არავინ არაფერს ეკითხება. ხოლო ის, რომ დააკავეს შემდუღებლები, ეს რაღაც პიარ-აქციაა, რაოდენობირვად 9 ადამიანი დააკავეს, რომ თითქოს საზოგადოებას შეუქმნანა შთაბეჭდილება, რომ რაღაცეები გამოძიეს. სინამდვილეში, თავისუფლებაზე დადის ბასილაია, გიგაშვილი, რომლებიც დამნაშავეები არიან. ამ ადამიანებმა ცაიბარეს ასეთი შადრევანი. ამ ადამიანებით უდნა დაიწყოს გამოძიება და არა შემდუღებლებით და ელექტრომექანიკოსებით, - თქვა დონაძემ.
"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ვაკის შადრევანი მერიამ კანონდარღვევით გახსნა. აღმოჩენილია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ მერიის მაღალჩინოსნებს დანაშაული აქვთ ჩადენილი.
ხელშეკრულებაში, რომელიც კალაძის გუნდმა მკვლელი შადრევნის მშენებელთან გააფორმა, წერია, რომ მერიას შადრევანი ჯერ უნდა გადმოებარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეფორმებინა მიღება ჩაბარების აქტი, რაც მერიის მაღალჩინისნებმა არ გააკეთეს. შადრევანი ისე ჩართეს და გახსნეს, რომ მერიის არცერთ სამსახურს არ ჰქონდა გადაბარებული და არ არსებობდა დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.