მურუსიძე-გვრიტიშვილის დაბრუნება - მესამე სექტორი ევროკომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფაზე საუბრობს
"ევროკომისიის რეკომენდაციების ფეხქვეშ გათელვა" - ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებას.
იურისტი კახა წიქარიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებას" მურუსიძე საჯარო სივრცეში მაშინ გამოჰყავს, როცა ძალიან უჭირს. მისივე თქმით, ყველა მოსამართლე, რომელიც ხმას მურუსიძეს აძლევს, პოტენციური "მურუსიძეა".
ის ემსახურებოდა წინა ხელისუფლებას და ის ემსახურება ამ ხელისუფლებას. ყველა მოსამართლე, რომელიც ხმას აძლევს ლევან მურუსიძეს, გამოხატავს თავის მისწრაფებას, თვითონაც მოიქცეს როგორც ლევან მურუსიძე.
შესაბამისად, ის მოსამართლე, რომელიც ხმას მისცემს ლევან მურუსიძეს, ის არ იმსახურებს მოსამართლეობას. თუ დავაკვირდებით, ლევან მურუსიძე საჯარო სივრცეში გამოდის მაშინ, როდესაც ძალიან უჭირს კლანს და როდესაც უჭირს „ქართულ ოცნებას“. მას აქვს ძალიან დიდი გავლენა მოსამართლეებზე და ამიტომ კლანს სჭირდება დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული და სამომავლო ვითარება დააბალანსოს ლევან მურუსიძის მეშვეობით, - ამბობს წიქარიშვილი.
ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად დაამტკიცეს. ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე წუთი წინ დასრულდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა მოსამართლეთა კონფერენციას მიმართეს და საბჭო დატოვეს.