ნიკა გვარამიას საქმის დასკვნითი პროცესი - ოპოზიციას ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს
დრო იწურება - ბიძინა ივანიშვილმა უნდა გასცეს ბრძანება, დარჩება თუ არა ციხეში ნიკა გვარამია. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოლიგარქის ნებართვის გარეშე "მთავარი არხის" დამფუძნებლის ტყვეობიდან გამოშვებას ვერცერი მოსამართლე ვერ გაბედავს.
ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ იმედი, რომ მურუსიძის სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნება სასმართლებრივი. ბანალურია, მაგრამ ეს ასეა. პოლიტიკური გადფაწყვეტილება იქნება თუ არა მიღებული დღეს ივანიშვილის მხრიდან და როგორი იქნება, ამას ვნახავთ, მაგრამ ნიკა გვარამიას გათავისუფლება ამ რეჟიმს მოუწევს ბევრი გასაგები, მათთვისაც, მიზეზის გამო. ეს თუ არ მოხდება მართული სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური დავალების მიღების შედეგად, არსებობს სხვადასხვა დამატებითი გამოსავალი, რის შედეგადაც ნიკა გვარამია აუცილებლად გათავისუფლდება. რეჟიმი ვერ გაუძლებს წნეხს, რომელიც მომდინარეობს არა მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე საუბრობს მესამე სექტორიც.
უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და ეს ყველაფერი ემსახურება იამს, რომ სხვა მედიასაშუალებებსაც უთხრან, რომ ეს შეიძლება თქვენც დაგემართოს. იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები ხელისუფლების მიმართ. მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად იმოქმედებს, მაგრამ ნიკა გვარამიას საქმე არის ის საქმე, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დროზე გონს მოეგონდა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ ამ საქმესთან დაკავშირებით. ნიკა გვარამია უნდა იყოს გარეთ, - ამბობს „გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
"ქართული ოცნება" კი ისევ ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებასაც კარნახის გარეშე ღებულობს.
იქნება ეს ნიკა გვარამია თუ ვინმე სხვა კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი, ეს არანაირი იმუნიტეტი არ არის. თუ არის სამართლებრივი დარღვევები, ამაზე სასამართლომ ძალიან მკაფიო, გასაგები და აღქმადი განცხადება, აღქმადი კომუნიკაცია უნდა გააკეთოს, რომ პასუხგაუცემელი კიტხვები არ დარჩეს, - ამბობს დავით სერგეენკო.
ნიკა გვარამიას დასკვნითი პროცესი სააპელაციო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლეთა კოლეგიას გადაწყვეტილების გამოცხადება დღესვე შეუძლია, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მოსაფიქრებლად დრო ითხოვოს.