მიზანმიმართულად ანადგურებს ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შანსს - ''ლელო" მურუსიძე-გვრიტიშვილის დამტკიცებაზე

24.10.22 13:53
მიზანმიმართულად ანადგურებს ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შანსს - ''ლელო" მურუსიძე-გვრიტიშვილის დამტკიცებაზე

გადაჯგუფება სასამართლოს კლანში - "ლელოს" შეფასებით, სასამართლო სისტემაში მურუსიძე - გვრიტიშვილის ტანდემის დაბრუნება,  მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას.

პარტიის განცხადების თანახმად, საქმე გვაქვს "ოლიგარქიული რეჟიმის მცდელობასთან, რომ ყველა ინსტიტუტზე, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების სისტემაზე, დაამყაროს ტოტალური კონტროლი". 

"სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმის განხორციელების ნაცვლად, რაც ევროინტეგრაციის პროცესის სულისკვეთებას ასახავდა, მმართველმა გუნდმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად "კლანის" ორი გავლენიანი სახე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია.

ერთი მხრივ, ეს წარმოადგენს ოლიგარქიული რეჟიმის მცდელობას, რომ ყველა ინსტიტუტზე, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების სისტემაზე, დაამყაროს ტოტალური კონტროლი. მეორე მხრივ, გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროპული კავშირის მიერ დადგენილი კრიტერიუმების სრულ უგულვებელყოფას და მიზანმიმართულად ანადგურებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატობის მოპოვების შესაძლებლობას.

ლელოს განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მორიგ ჯერზე განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად აუცილებელი რეფორმებიდან არცერთი რეფორმის გატარებას, რადგან "ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაშია დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ევროპული კავშირის იდეალებთან".- აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად დაამტკიცეს. ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე წუთი წინ დასრულდა. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა მოსამართლეთა კონფერენციას მიმართეს და საბჭო დატოვეს.

მსგავსი სიახლეები