10 წლის გოგოს გატაცების მცდელობა მარნეულში - 4 დღეა, პოლიცია დამნაშავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს
ამ დრომდე უცნობია, ვინ ცდილობდა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 10 წლის გოგოს მოტაცებას. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე არავინ გამოუკითხავს.
სკოლიდან შესვენებაზე გასული გოგონას გატაცება სავარაუდოდ შუა ხნის კაცმა ტკბილეულის შეთავაზებით სცადა. მოზარდი იხსენებს, რომ შუახნის მამაკაცი Ford-ის მარკის ავტომობილში იჯდა, განუცხადა, რომ მისი დედის ახლობელი იყო და სახლში წასვლა შესთავაზა.
10 წლის გოგომ როგორც კი გააცნობიერა, რომ მოტაცებას უპირებდნენ, სკოლაში გაიქცა და პედაგოგებს უამბო ფაქტის შესახებ, შემდეგ კი პოლიციაში დარეკა. თუმცა, სამართალდამცველები იმ დღეს არ გამოჩენილან. ფაქტი სამშაბათს, 25 ოქტომბერს მოხდა.
პოლიციამ გამოჰკითხა მხოლოდ დაზარალებული და მისი ოჯახი, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორიიდან არ ამოუღიათ ვიდეო კამერების ჩანაწერები.
ჩემი 10 წლის დისშვილის მოტაცებას ცდილობდა ვიღაც უცნობი ადამიანი. როგორც ბავშვი ამბობს, ის შუა ხნის ასაკის იყო. სკოლის ახლოს მდებარე მარკეტიდან როცა გამოვიდა ბავშვი, მანქანამ გაუჩერა, ტკბილეული შესთავაზა, რომ მანქანაში შეეტყუებინა. უთხრა, რომ დედამ გამოაგზავნა მის წასაყვანად. გოგონა მიხვდა და გაიქცა. შეშინებული მოვიდა სახლში და მოგვიყვა ამის შესახებ.
ამბავი სამშაბათს მოხდა, მაშინვე განვაცხადეთ პოლიციაში, მის მერე რეაგირებას ველოდებით. უკვე მესამედ მივედით განყოფილებაში, რათა ვაიძულოთ, ეს საქმე გამოიძიონ. პოლიცია გვეუბნება, კამერების ჩანაწერებს კერძო ობიექტიდან ვერ ამოვიღებთო. უფლება არ გვაქვსო, გვატყუებენ. 10 წლის ბავშვზეა საუბარი, მათი შვილი რომ ყოფილიყო? - ამბობს 10 წლის გოგოს ბიძა.
ადგილობრივები ,,პირველებს" უყვებიან, რომ მოზარდების გატაცების შემთხვევები გახშირებულია.