პატიმრების წამება - დაკავებულია ციხის ყოფილი თანამშრომლი

26.04.21 13:55
პატიმრების წამება - დაკავებულია ციხის ყოფილი თანამშრომლი

მთავარმა პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დააკავა. 

მთავარი საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი გ.ა.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ა და  მისი თანამშრომლები პატიმრებს  ფიზიკურად უსწორდებოდნენ და  ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ.

საქმის მასალების თანახმად, პატიმრები საკნებიდან გაჰყავდათ და ათავსებდნენ აბანოებში, სადაც ჯგუფურად, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება ხდებოდა. ადგილი ჰქონდა მათ მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარასაც.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით  (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
 

პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად  პასუხისგებაში პენიტენციური სისტემის 80-მდე თანამშრომელია მიცემული.