საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში პროკურატურა შევიდა

26.04.21 14:37
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში პროკურატურა შევიდა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში პროკურატურა შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველს საგამოძიებო უწყება უდასტურებს. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში ბევრი დარღვევა ფიქსირდება. კერძოდ,  კომპანიამ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალბრუნვადია,  2018-19 წლებში მხოლოდ 30 მილიონის მოგება ნახა. ფაქტი კორუფციის მკვლევარებს საეჭვოდ მიაჩნიათ. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ კომპანიაში თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდეს. 

 ელექტროსისტემაში არსებული ვითარებით პროკურატურა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამავე კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე დაინტერესდა. ორგანიზაციიდან  ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელსაც  საგამოძიებო ორგანოს სპეციალურად შექმნილი  ჯგუფი სწავლობს.  

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია: ეწევა ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო კოორდინაციას და ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. კომპანია, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის გაცვლის პროცესს და თანამშრომლობს მათი გადამცემი სისტემების ოპერატორებთან.