"გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით სიმართლე" - იმედა დარსალია ბოლომდე ბრძოლას აანონსებს
გადაცემა "ახალი კვირის" ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია, ომბუდსმენის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს. საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებლიდან ჟურნალისტების გაშვებაზე, რომელშიც სახალხო დამცველმა დარღვევები დაადგინა.
დარსალია პირდაპირ ამბობს, რომ არხიდან სიმართლის თქმისთვის გაუშვეს და ბოლომდე ბრძოლას აანონსებს.
სახალხო დამცველის ოფისმა დადო ის, რაც დადო. ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამით, ფაქტობრივად, თქვა ყველაფერი. სრულიად უკანონოდ მოხდა ჩვენი გათავისუფლება. გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით სიმართლე, რატომ ხურავდნენ გადაცემას და ვთქვით ის, რაც ხდებოდა გადაცემაში, მხოლოდ გადაცემაში. მე არ ვსაუბრობ, არხზე სხვაგან რა ხდებოდა, არ ვიცი, მე ვიცი მხოლოდ, ჩემს გადაცემაში რა ხდებოდა.
პრობლემა იყო პოლიტიკური რეპორტაჟების ეთერში გაშვება, იმიტომ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში აგვიკრძალეს. პირდაპირ გვითხრეს, გადაცემაში პოლიტიკის ბლოკი არ იქნებოდა. შავის სია ასე არ არსებობდა ფურცელზე. ეს არსებობდა დაბლოკვებით, ეს არ ჩაწერო, ის არ ჩაწერო.
ჩვენ ვიომებთ ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს გავივლით. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ იმდენად წელში გამართულები ვართ, რომ ბოლომდე მივყვებით ამ პროცესს, - განაცხადა დარსალიამ.
ომბუდსმენმა საზოგადოებრივი არხიდან ჟურნალისტების გათავისუფლებაში დარღვევა დაადგინა და მაუწყებელს მათი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართა. საქმე გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანისა და კორესპონდენტების გათავისუფლებას ეხება. ჟურნალისტებს ტელევიზია მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მათ ტელევიზია ცენზურის მცდელობასა და რესპონდენტების “შავი სიის” არსებობაში ამხილეს.