ვაპირებთ დავის დაწყებას ჩვენი უფლებების დასაცავად - კულტურის სამინისტროდან 20 თანამშრომელი გაუშვეს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - მ მორიგი რეპრესიული წმენდა დაასრულა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის სამინისტროს არქეოლოგიური მასალების ერთადერთი უკვე ყოფილი რესტავრატორი, ანი შეროზია, წერს.
შეროზიას ინფორმაციით, კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა დარგის სპეციალისტები გაუშვეს, რომლებიც თავიანთი უფლებების დასაცავად სამართლებრივ დავას იწყებენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა-მ მორიგი რეპრესიული წმენდა დაასრულა. რეპრესიების შედეგად გაათავისუფლეს 20 თანამშრომელი ( ამ მომენტში რაც დავითვალე), რესტავრატორები, არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა დარგის სპეციალისტები.
კონკრეტულად ჩემზე რომ ვთქვა, 2016 წლიდან დღემდე, სააგენტოში (რომლის შემადგენლობაში 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია) ვიყავი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების ერთადერთი რესტავრატორი.
გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა ვაპირებთ დავის დაწყებას ჩვენი უფლებების დასაცავად, ჩვენი მემკვიდრეობის დასაცავად, მეცნიერების დასაცავად - წერს ანი შეროზია სოციალურ ქსელში.