პოლიტიკური ვერდიქტი ცნობილია - მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა
მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას" ედავება.