პრეზიდენტმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შეიწყალოს ნიკა გვარამია - დეკანოიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აუცილებლად უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია, რადგან ოპოზიციონერის თქმით, ეს პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირის რეკომენდაციებში.
დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს და "მთავარი არხის" დამფუძნებელს ციხის კარი გაუღოს.
„დიდი უსამართლობაა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, რომ 12 პუნქტი უნდა შესრულდეს. მან პირველ რიგში საკუთარი პასუხისმეგებლობა უნდა აიღოს. აუცილებელია, რომ მან შეწყალება გააკეთოს, რადგან ეს პირდაპირ არის ნათქვამი ევროკავშირის რეკომენდაციებში.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს გააკეთოს.
საქართველოს პრეზიდენტის დამოკიდებულება ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა ნიშანდობლივია 12 რეკომენადაციის კონტექსტში ნიკა გვარამია იყოს გათავისუფლებული“. - ამბობს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.