ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაიტაცეს, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია

02.11.22 11:56
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ  3 მოქალაქე გაიტაცეს, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ  3 მოქალაქე გაიტაცეს. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია ვალერი ჯოხაძე, აგა ტიელიძე და  17 წლის დათო გიგოლაშვილი. მოზარდი მეზობლებთან ერთად სანადიროდ სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ აიყვანეს. ამ დროისათვის სამივე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. 

 გატაცებულების ოჯახი წევრები დახმარებას ითხოვენ. არასრუწლოვნის დედა "პირველებთან" მომხდარის შესახებ ყვება. 

ჩემი შვილი არის 17 წლის და გაიტაცეს, ღვთისმშობლის ეკლესია არის ზემოთ სასაფლაოებთან და სავარაუდოდ, იქიდან წაიყვანეს. მაგათი ტერიტორია, როგორც ვიცი, არ აქვთ გადაკვეთილი და იყო ჩვენს ტერიტორიაზე. ავად იყო, ახველებდა, წამლებს ვასმევდი. მე წუხელისაც ველოდებოდი, ვიცოდი, რომ არასრუწლოვნების დაკავება არ შეიძლება და მეგონა, რომ წუხელისაც გამოუშვებდნენ, მაგრამ გათენდა, რომელი საათია და ჯერაც არ არის მოსული ბავში სახლში, - ამბობს არასრულწლოვნის დედა. 

გატაცებული ვალერი ჯოხაძის დედა ამბობს, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტები ესაჭიროება. 

ორი საათი იყო, აქ, სახლში ხერხავდა შეშას. დაურეკეს ტელეფონზე ამხანაგებმა, რომ „აქეთ ვართ“, სასაფლაოებია ჩვენი და „აქ ამოდიო“. წავიდა იქ. ოთხ საათზე მოიტანეს ამბავი, რომ წაიყვანესო. არ გადაუკვეთიათ საზღვარი და სკოლის მოსწავლეც იყო, ჩვენი სკოლის, მე-12 კლასელი. ისიც იქ იჯდა, ტელეფონით თამაშობდა ბავშვი. ის ბავში რომ აიყვანეს, მერე ის მეორე ბიჭიც აიყვანეს და ჩემი ბიჭი აქეთ იყო და რომ დაინახა ეს ბავშვი აიყვანეს, მერე გადავიდა იქ, რაშია საქმეო და ისიც წაიყვანეს. შეიძლება სროლის ხმა იყო, რომ გაჩერდეთ და არ წახვიდეთ, რომ დაინახეს... 4-ნი იყვნენ, მემგონი, ზუსტად არც ვიცი. პერიოდულად სვამს, წნევა ეწევა და გულის არითმიაც ემართება. არ მოვიდა სახლში. ცოლ-შვილი ჰყავდა, ოჯახი ელოდება. იმან იცის იქ, მე რა დღეში ვიქნები, - ამბობს 37 წლის ვალერი ჯოხაძის დედა.