გარდაცვლილი 30 წლის ქალის ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს
გარდაცვლილი ქალის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ - 30 წლის ნინო აბრამოვის ოჯახი სასწრაფო დახმარების ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ნინო აბრამოვას მამა, დავით აბრამოვი აცხადებს, რომ სასწრაფოს ექიმებმა უყურადღებობა გამოიჩინეს, სამედიცინო ჩარევა პრაქტიკულად არ განახორცილეს და მისი შვილი გარდაცვლილად იმ დროს გამოაცხადეს, როცა ცოცხალი იყო.
ხილის კრეფაზე იყო, ცუდად გახდა და დაიღუპა. პრობლემები ჰქონდა, ასთმური შეტევები. სასწრაფომ ნახა, არ მიაქცია სათანადო ყურადღება, როგორიც უნდა მიექცია. ბავშვი დატოვეს ეგრე, მიგდებული. არაფერი არ გაუკეთებია სასწრაფოს, რომ საავადმყოფომდე მიეყვანა. იქნებ, ცოცხალი გადარჩენილიყო. იქნებ შოკი ჰქონდა. დაანებეს თავი, უკვე დაღუპულია და წავიდნენ. - ამბობს გარდაცვლილს მამა.
4 შვილის დედა, ნინო აბრამოვა, რუისში ვაშლის ბაღებში მუშაობდა, ვაშლის კრეფის დროს კი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით ქალს ასთმა აწუხებდა.
ნინო აბრამოვას ცხედარი ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაასვენეს. სწორედ ექსპერტებმა უნდა დაადგინონ ახალგაზრდის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.