სპეცოპერაცია თბილისსა და სამეგრელოში - დაკავებულია "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი
სპეცოპერაცია თბილისსა და სამეგრელოში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს.
ირკვევა, რომ დაკავებულთაგან ორი "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს. სამ პირს კი „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ფინანსური დავის მოგვარების თხოვნით ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს. პრობლემის გადასაჭრელად კი ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა. გადაწყვეტილების აღსრულებას კი კრიმინალები პირადად აკონტროლებდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ რ. დ.-მ და ლ. მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს - დ. მ.-ს, თ. ბ. და ჩ. გ.-ს.
კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილსსა და სამეგრელოში რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევები.
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს"- წერია ოფიციალურ განცხადებაში.