ამ ხალხს შია, ოჯახები ჰყავთ სარჩენი - რუსთავის ,,აზოტის" თანამშრომელთა აქცია

28.04.21 11:52
ამ ხალხს შია, ოჯახები ჰყავთ სარჩენი -  რუსთავის ,,აზოტის" თანამშრომელთა აქცია

 რუსთავის ,,აზოტი" ისევ პარალიზებული, შენობის გარეთ კი უკვე ორი დღეა,  კომპანიის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცებულები ადმინისტრაციას შესახვედრად ერთ საათიან ვადას აძლევენ- წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტის მასშტაბის გაზრდითა და საწარმოს სრული პარალიზებით იმუქრებიან.

ვაძლევთ 1 საათს, თუ ამ ხნის განმავლობაში დირექცია არ შეგვხვდება და ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს,  ქარხანა პარალიზებული იქნება. შეხვედრას ჩვენი იურისტები და ტელევიზია უნდა დაესწროს, რადგან ყველაფერი იურიდიულად უნდა დაფიქსირდეს, ამ ხალხს შია და ოჯახები აქვს სარჩენი  - ამბობენ ,,აზოტის" გაფიცული მუშები.

 

გაფიცულ მუშებს დღეს ,,აზოტის" დირექციამ 1 საათიანი ვადა მოსთხოვა, რომ მათთან შეხვედრა და მოლაპარაკება მოახერხოს.
აზოტის 400-მდე თანამშრომელი 2 დღეა, რაც გაფიცულია. ისინი ხელფასის 50%-იან გაზრდას ითხოვენ. გაფიცულები იმუქრებიან, რომ მათი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციას ,,აზოტის" სხვა თანამშრომლებიც შეუერთდებიან და ქარხნის პარალიზებას მოახდენენ.