რუსთავის ,,აზოტის" თანამშრომელთა გაფიცვაზე ანა დოლიძეც მივიდა

28.04.21 14:05
რუსთავის ,,აზოტის" თანამშრომელთა გაფიცვაზე ანა დოლიძეც  მივიდა

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - კომპანია რუსთავის ,,აზოტის" ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომლებს შეხვედრაზე დათანხმდა, თუმცა, პირობები შეიცვალა, ახლა დირექციას 15 გაფიცული უნდა შეხვდეს, თუმცა მედიის დასწრებაზე ხელმძღვანელობა კვლავ უარზეა. 

აქციაზე დღეს პარტია ,,ხალხისთვის" ლიდერი მივიდა. ანა დოლიძემ გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა და ,,აზოტის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილი გამოხატა, თუმცა, ადმინისტრაციამ უარი განაცხადა.

ანა დოლიძე ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესის გამჭვირვალობა აუცილებელია.

მოლაპარაკების პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, სამწუხაროდ, ადმინისტრაციის მხრიდან ამის  მზაობა არ არის. ყველა ასეთ სიტუაციაში ადმინისტრაცია მზად უნდა იყოს მოლაპარაკებისთვის. ქვეყანაში მძიმე სოციალური ვითარებაა და ეს პირველ რიგში,ეს  ტვირთად აწევს ხალხს. ამაზე პასუხისმგებელი კი ხელისუფლებაა - განაცხადა ანა დოლიძემ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ,,აზოტის" დირექცია მათ მოტყუებას განმეორებით ცდილობს. მათი თქმით, დირექცია შარშან ხელფასის 20%-ით გაზრდას დაჰპირდა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნული დაპირება უარჰყო. ამიტომაც ითხოვენ გაფიცულები შეხვედრაზე მედიის დასწრებას, რომ ყველა დეტალი დაფიქსირებული იყოს.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსჯელობენ, ღირს თუ არა ხელმძღვანელობასთან მედიის გარეშე შეხვედრა.

 



 

მსგავსი სიახლეები