ხელისუფლებამ უარი განაცხადა, უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს დახმარება დაუნიშნოს
,,ქართული ოცნება" არ არის თანახმა ოპოზიციის შეთავაზებაზე, დახმარება დაუნიშნონ იმ მებრძლების ოჯახებს, ვისი სიცოცხლეც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრთა შემოთავაზების თანახმად, სახელმწიფომ დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერად დახმარების სახით 100 ათას ლარი უნდა გადასცეს, გარდა ამისა, მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური და ჯანდაცვის შეღავათიანი პაკეტები.
ოპოზიციის წარმომადგენელთა განმარტებით, ის პირები, ვინც უკრაინაში დაიღუპნენ, ხშირ შემთხვევაში თავიანთი ოჯახების ერთადერთი მარჩენლები იყვნენ.
უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იგივე სოციალური პაკეტით, რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტირიული მთლიანობისთვის დაღუპული პირების ოჯახები.
ეს გულისხმობს ერთჯერად დახმარებას 100 ათასი ლარის ფარგლებში, ჯანმრთელობის სრულ დაზღვევას, ასევე, სხვა სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ შესაძლებლობას - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ,,ენმ"-ს წევრმა, ანი წითლიძემ.
ოპოზიციის აღნიშნულ ინციატივას მხარი ,,ქართული ოცნების" არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა. მმართველი პარტიის წევრების განმარტებით, სახელმწიფომ არ უნდა იზრუნოს იმ ადამიანების ოჯახების დახმარებაზე, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიერ არ არიან გაშვებული უკრაინაში საბრძოლველად.