მშენებლობა კანონდარღვევით - სასამართლომ ENKA პირობების დარღვევისათვის დააჯარიმა

28.04.21 15:03
მშენებლობა კანონდარღვევით - სასამართლომ ENKA პირობების დარღვევისათვის დააჯარიმა

წყალტუბოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA 5 ათასი ლარით დაჯარიმდა. მოსამართლემ თურქული კომპანია  სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რაც საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას  გულისხმობს.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია ჰესის მშენებლობას კანონდარღვევით ახორციელებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა შპს ,,ენკა რინიუებზლის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული მთელი რიგი  პირობების შეუსრულებლობა. აღნიშნული ფაქტი არის  უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია კანონდარღვევით აწარმოებს ჰესის მშენებლობის სამუშაოებს და რიონის ხეობის მცველების პროტესტი არის სამართლიანი" - ნათქვამია ,,საია"-ს განცხადებაში.