ნინოწმინდის პანსიონატი აუღებელი ციხესიმაგრე ხდება - მოსამართლემ ომბუდსმენს მონიტორინგის უფლება არ მისცა

28.04.21 15:44
ნინოწმინდის პანსიონატი აუღებელი ციხესიმაგრე ხდება - მოსამართლემ  ომბუდსმენს  მონიტორინგის უფლება არ მისცა

 სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციას,  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის პანსიონატში შესვლისა და მონიტორინგის უფლება არ მისცა. აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს PHR-ს იურისტმა 27 აპრილს მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

2021 წლის 19 აპრილს PHR-მა დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით სპეციალური მოსარჩელის სტატუსით სტრატეგიული სამართალწარმოება დაიწყო.
ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებით განჩინების გამოცემის შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ნინოწმინდის პანსიონატში ეფექტური მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის მიცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტები, რომლებზეც საუბარია სახალხო დამცველის აპარატის წინა წლების ანგარიშებში და ცალსახად მიუთითებენ, ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებების ყოველმხრივ დარღვევებზე.
ნინოწმინდის პანსიონატში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით, ორგანიზაციამ დღეს, 28 აპრილს სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ნინოწმინდის პანსიონატში სახალხო დამცველის მონიტორინგის განხორციელებაში ხელშეშლის აღმოფხვრა პანსიონატის ადმინისტრაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.