ისევ იქ ვდგავართ, სადაც 10 წლის წინ - ოპოზიცია Freedom House-ის ანგარიშზე

29.04.21 12:14
ისევ იქ ვდგავართ, სადაც 10 წლის წინ - ოპოზიცია Freedom House-ის ანგარიშზე


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიში, რომელიც  საქართველოში დემოკრატიის ხარისხს ეხებოდა, ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ქვეყანა მე-9 წელია უკუსვლით მიდის და გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა. 

ამ ყველაფერს ჩვენ ვუყურებთ მთელი ამ 9 წლის განმავლობაშ „ქართული ოცნების“ მმართველობის როგორ მიდიოდა ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი უკან. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ლიდერების, როგორ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა მედიამფლობელების და ბუნებრივია, ყველა ეს პროცესი აისახება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ყველა ანგარიშში და დასკვნაში და ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ახლა ქვეყანაა დემოკრატიის ხარისხის კუთხით, ბუნებრივია, ამის გამოსწორება ერთადერთი გზით შეიძლება, ეს არის ხელისუფლების ცვლილება, - აცხადებს უდუმაშვილი.

ამავე აზრზს იზიარებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგი ჩიხლაძე. ჩიხლაძე ქვეყანაში არსებულ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლითაც საერთაშორისო არენაზე დემოკრატიის ხარისხი იზომება.

ჩვენ ვხედავთ ამ წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტიუტების ნგრევას, კლანურ სასამართლოს, მედიაზე ზეწოლას, მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვას და ყველაფერი ეს , რა თქმა უნდ, ზეგავლენას ახდენს მათ შორის, იმ ინდექსებზე, რომლითაც ჩვენ ვპოზიციონირებთ საერთაშორისო არენაზე. აქედან გამომდინარე, ფაქტია, წინსვლის მაგივრად ჩვენ ისევ იქ ვდგავართ, სადაც 10 წლის წინ, - ამბობს  ჩიხლაძე.

საქართველოს დომკრატიულობის მაჩვენებელი ქულა ახლა ახლოსაა იმ მაჩვენებელთან, რაც 10 წლის წინ იყო. ამის შესახებ საუბარი  გავლენიანი ორგანიზაციის "ფრიდომ ჰაუსის" ყოველწლიური ანგარიშშია.