რატი ბრეგაძე აჭარბებს უფლებამოსილებას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - მარიამ ჯიშკარიანი
რატი ბრეგაძე აჭარბებს თავის უფლებამოსილებას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამაზე უნდა იყოს გამოძიება დაწყებული, - ,,ცენტრ ,,ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. საქმე ეხება ბრეგაძის ბრალდებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესების სიმულაციას ახდენს.
,,ემპათიას" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეისწავლა ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც შედგენილია ყველა იმ კლინიკაში, სადაც მკურნალობას მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადიოდა და არსად არ იკვეთება, რომ პაციენტი სიმულაციას ახდენს.
რატი ბრეგაძე ამ შემთხვევაში აჭარბებს თავის უფლებამოსილებას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ამაზე უნდა იყოს, ალბათ, გამოძიება დაწყებული, ვინაიდან, იუსტიციის მინისტრი არ გახლავთ სამედიცინო საქმიანობის მქონე პროფესიონალი. შესაბამისად, ის უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტაციას.
რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციას, ჩვენს მიერ შესწავლილია მთელი პენიტენციური სამსახურისა და ასევე გორის, ,ვივა მედის" კლინიკის სამედიცინო დოკუმენტაცია, არსად არ არის მითითება იმაზე, რომ სააკაშვილი სიმულანტობს, ან აგრავაციას აქვს ადგილი.
მტკიცებულება, რომელსაც უნდა ემყარებოდეს იუსტიციის მინისტრი, უნდა იყოს გამყარებული სამედიცინო დოკუმენტაციით, ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ ეს გახლავთ უფლებამოსილების გადაჭარბება. მითითებს ცალსახად, რომ მათი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის მიკერძოებული, ისინი წარმოადგენენ მტრულად განწყობილ მხარეს - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
გარდა ამისა, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ კლინიკა „ვივამედი“ ვერ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწორად მართვას, მკურნალობას და მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობაში ერთდაერთი გონივრული გამოსავალი მძიმე პაციენტის სასწრაფოდ საქართველოს ციხეთა სისტემიდან გაყვანაა.