გოგაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩაატარდა - სხდომაზე ოჯახის წევრები არ შეუშვეს
სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესზე ოჯახის წევრები არ შეუშვეს. სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მას ესწრება თავად ბრალდებულიც.
დღევანდელ პროცესზე იმ გამომძიებლების დაკითხვაა დაგეგმილი, ვინც სოსო გოგაშვილის დაპატიმრების დღეს მის სახლში სპეცოპერაცია ჩაატარეს.
სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებმა კომენტარი გააკეთეს დღეს დილას სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონი ჩამოართვეს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსს.
ოჯახი აღნიშნულ ინციდენტს მოსამართლე მურუსიძის ჩვენებას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც გოგაშვილი თავისი დაცვის უფროსის დახმარებით მურუსიძის ტერორს ახდენდა და შესაძლებელია, სამართალდამცველები სწორედ ტელეფონში ეძებდნენ მტკიცებულებას .
მოწმეებად მოჰყავთ ის ხალხი, ვინც შეთითხნა ყველაფერი და მერე იძახიან, უი, ეს ყველაფერი ამათ სახლში მოხდაო. მოწმეების რაოდენობის არ გვეშინია, არც მათი ნათქვამის, რადგან მართლები ვართ.
რის საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა, წარმოდგენა არ მაქვს, არანაირი საფუძველი არ აქვთ, ჩვენი გარემოცვის წევრი ან გაჩხრიკონ, ან ტელეფონი წაართვან. ეს არის ზეწოლა - აცხადებს გოგაშვილის შვილი.
შემდეგი სასამართლო სხდომა 20 დეკემბერს 12 საათზე გაიმართება.