მოსახლეობის ევაკუაცია "ვოქსის" მიმდებარე კორპუსებიდანაც განხორციელდა - ბათუმის მერი
ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე, რესტორანში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ადგილზე მისული ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, მოსახლეობის ევაკუაცია "ვოქსის" მიმდებარე კორპუსებიდანაც განხორციელდა.
მისი თქმით, ასევე ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება რიგ კორპუსებს.
"ამ ეტაპისთვის, რაც მნიშნელოვანია, ღამის ხილვადობისა და ქარის გამო, სამაშველო სამუშაოები გარემო-პირობების შესაბამისად მიმდინარეობს.
პერიმეტრის დაცვა და შენობის ევაკუაცია იყო თანხმვედრ რეჟიმში პოლიციასა და საპატრულოსთან ერთად. ამ დროისთვის, რაც ჩვენ გვაქვს ინფრომაცია, სრულადაა ევაკუირებული არსებული კორპუსი და ის კორპუსები სადაც შეიძლება საფრთხე იყოს. ელექტროენერგიის მიწოდება რიგ კორპუსებში შეზღუდულია და ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება.
ამ ეტაპზე, დამატებით ინფრომაციას ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ ვფლობ". - ამბობს მერი.
ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების ჯგუფები. პოლიციას ტერიტორია შემოსაზღვრული აქვს. შენობიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.