პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევას განაგრძობს - კითხვებს სულხან სალაძე პასუხობს
პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევას განაგრძობს. ამ წუთებში კომიტეტზე სულხან სალაძეს უსმენენ. გასაუბრებაზე შევლამდე მას "პირველები" ესაუბრა.
სალაძემ სასამართლოს ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკრეტული გავლენიანი ჯგუფი არსებობს, რომელიც გავლენას დამოუკიდებელ მოსამართლეებზე ახდენს.
პრაქტიკულად, დღეს ყველა გზა იუსტიციის საბჭომდე მიდის, როდესაც ვლაპარაკობთ სასამართლოზე და ეს ბუნებრივადაც უწყობს ხელს, რომ იქ გარკვეული ჯგუფი, ამას დავარქმევთ კლანს თუ გავლენიან ჯგუფს, არ აქვს მნიშვნელობა, იყოს წარმოდგენილი. აქვე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ წელზე მეტია საქართველოს პარლამენტს არცერთი წევრი არ ჰყავს გამწესებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის კვოტით, რაც თავისთავად, აძლიერებს იმ ომცემულობას და იმ არასახარბიელო მდგომარეობას, რაც ახლა გვქვს ჩვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, - თქვა სალაძემ.
ოპოზიცია პროცესსს სკეპტიკურად უყურებს. "ოცნების" ოპონენტები ვარაუდობენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ის კანდიდატები მოხვდებიან, ვინც მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანს სჭირდება.
ცნობილია, რომ არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენა დღეს სრულდება.