მუქარის წერილები ვახო სანაიას - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

29.04.21 15:30
მუქარის წერილები ვახო სანაიას - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თავდასხმა კრიტიკული მედიის წამყვან ჟურნალისტზე - ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმის საქმის პროკურორი ამბობს, რომ ჟურნალისტის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ფორმულას" ჟურნალისტს საქმეზე ბრალდებულები მუქარის წერილებს ციხიდან უგზავნიან, ფაქტს ბრალდების მხარე არ ადასტურებს. 

"მუქარის წერილები პენიტენციური სისტემიდან არ იგზავნება"- უთხრა მედიას პროკურორმა. 

,,ფორმულას" ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებულები დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ამის მიზეზად განმეორებითი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზეწოლის საშიშროება, აგრეთვე, სანაიას მისამართით გაგზავნილი მუქარის წერილები დასახელდა.

დაკავებულების ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და დანაშაულს არ აღიარებენ. რაც შეეხება მუქარის შემცველ წერილებს, პროკურატურას საქმეში ის არ წარმოუდგენია.

 არ არსებობდა მკაცრი ღონისძიების გატარების საფუძველი, მუქარის წერილები საქმეში არ არის წარმოდგენილი,  შესაბამისად, მუქარის წერილი არის თუ არა , არ არის დადასტურებული. ამ ფაქტზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება -აღნიშნავს ადვოკატი.

მუქარის წერილებზე ,,უცნობმაც" ისაუბრა, რომელიც ბრალდებულებს თავდებში უდგებოდა და მათ გასათავისუფლებლად 2500 ხელწერილიც მიიტანა სასამართლოში.

იქ ვიღაცას სანაიასთვის მესიჯი გაუგზავნია, ასე თქვეს, გამწარებული კაცი სანაიას რას გაუგზავნის, თურმე ეს ამ ბიჭების დანაშაული ყოფილა. ამ ქვეყანაში არანაირი სასამართლო არ არსებობს - განაცხადა სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ ,,უცნობმა".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი- სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური -  პატიმრობაში დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები