სკანდალი: "ექსპერტმა გეჯაძემ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწერა ის დასკვნა, რაც შსს-ს აწყობდა"
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დასკვნა შსს-ს მოთხოვნით გააყალბა.
ადვოკატის მტკიცებით, არსებობს ექსპერტის აღიარების აუდიო ჩანაწერიც. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ თუ გეჯაძე მის სიტყვებს არ დაადასტურებს, ფარული აუდიო დღის სინათლეს იხილავს.
სწორედ ამ მიზეზით, სააკაშვილის ადვოკატმა დღეს მესამე პრეზიდენტის საქმეში გეჯაზის ჩართვა გამორიცხა.
ბატონ გეჯაძესთან მე არაერთხელ მქონდა შეხება. მე მსურდა, რომ ის ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით და ვატყობ, მომიწევს ამ ადამიანების მოწმედ მოყვანა, განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ დაურეკავენ და დადებს იმ დასკვნას, რასაც დაურეკავენ. ამიტომაც მითხრა, შალვა დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ, წლებია ჩვენ ვთანამშრომლობთ, მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამიტომაც, ბატონი გეჯაძის ამ საქმეში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია. იმედია გეჯაძე საუბარს დაადასტურეს, თუ არადა მე მაქვს ამ დიალოგის ფარული ჩანაწერი. ", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე სამხარაულის ექპსერტიზის დასკვნა ისე გასაჯაროვდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებისთვის და ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის სამთავრობო მედიისგან გახდა ცნობილი. დასკვნა ექსპერტის მიერ 30 დეკემბერსაა ხელმოწერილი, თუმცა მისი არსბეობის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც UNESCO-მ ალექსანდრე ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ლაშქარავამ დაზიანებები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს მიიღო.