ცხენისა და ვირის ხორცის თბილისის ერთ-ერთ ბაზარში ყიდდნენ - უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე დაკლული ცხენის და ვირის ხორცის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქონლის ხორცის სახით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან და სასაკლაოდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი. ასევე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ათეული ცხენი, რომლის დაკვლაც და რეალიზაციაც იგეგმებოდა წინა საახალწლოდ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე, 362-ე და 219-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.