გაფრთხილების გარეშე ზურგში ესროლეს, სასტიკად სცემეს - საოკუპაციო ხაზთან დაჭრილი ბიჭის დედა

30.04.21 10:31
გაფრთხილების გარეშე ზურგში ესროლეს, სასტიკად სცემეს - საოკუპაციო ხაზთან დაჭრილი ბიჭის დედა

სროლა საოკუპაციო ხაზთან - "ტვ პირველისთვის" აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. 

სოფელ აბასთუმანთან მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

დაჭრილიები არიან  19 წლის პაპუნა ძანძავა და მამამისი - ბადრი ძანძავა.

ორივე მათგანი საოკუპაციო ხაზთან, კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

დაჭრილის დედა ამბობს, რომ მის შვილსა და ქმარს პოლიციის თანამშრომლებმა დამიზნებით, გაფრთილების გარეშე ესროლეს. შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მამა-შვილს და სასტიკად სცემეს. მისი თქმით, ოჯახს მძიმე სოციალური პრობლემები აქვთ და იძულებულები იყვნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდული სიგარეტი სარეალიზაციოდ გადმოეტანათ.

კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი. ცემას, ტყვიის სროლას, შეურაცხყოფას, ორივეს, მამას და შვილსაც ტყვია აქვს მოხვედრილი. პირდაპირ, დააწვინეს და ზურგში ესროლეს, სად იყო გაფრთხილება, არანაირი გაფრთხილება...  დააგდო მიწაზე და დამიზნებით ესროლა"- აცხადებს დაჭრილის დედა. 

ამასთან, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების უფროსის მაია ესებუას ინფორმაციით,  პოლიციელის მიერ დაჭრილ პაპუნა ძანძავას გულმკერდის მეოთხე განივი და წვეტიანი მორჩების ფრაგმენტული მოტეხილობა და ექსკორაციები აღენიშნება, ხოლო მამას, ბადრი ძანძავას ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს ტერფის მიდამოში.

"ჯერ შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი თვითდინებით ახლობლების მიერ იქნა შემოყვანილი. მას აღენიშნებოდა ჭრილობა ხერხემლის არეში. პაციენტის მდგომარეობა იყო შოკური, გაეწია სათანადო დახმარება, რის შედეგადაც გადაყვანილ იქნა კრიტიკულ განყოფილებაში. დადგინდა გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩების და წვეტიანი მორჩის ფრაგმენტული მოტეხილობა. მეორე პაციენტი შემოყვანილ იქნა ორი საათის შემდეგ,  112 ბრიგადის მიერ, აღინიშნებოდა ესკორაციები თავისა და სახის არეში და ცეცხლნასროლი ჭრილობა ტერფის მიდამოში. ჩაუტარდა სათანადო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"- განაცხადა მაია ესებუამ.