აქტივისტებს, რომლებმაც პენიტენციური სამსახურის იურისტს მონა ეძახეს, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

26.12.22 14:24
აქტივისტებს, რომლებმაც პენიტენციური სამსახურის იურისტს მონა ეძახეს, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

აქტივისტებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პენიტენციური სამსახურის იურისტს,  ნიკა აბრამიშვილს მონა ეძახეს, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ გამოძიება არის დაწყებული. 

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. სასჯელის ზომად კი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინცინდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიმდინარე წლის 14 დეკემბერს მოხდა. აქტივისტების გაღიზიანება  პენიტენციური სამსახურის იურისტის გამოსვლამ გამოიწვია, როცა ნიკა აბრამიშვილმა სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადება მოითხოვა.

პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა პენიტენციურის წარმომადგენელს „მონა“ უწოდეს. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.