ლევილის მუზეუმი 2015 წელს უნდა შექმნილიყო - დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ამბობს, რომ ლევილის მამული საქართველოს არა 2016 წელს, არამედ ჯერ კიდევ 2011 წელს გადმოეცა. მისი თქმით, სწორედ ამავე წელს გაიწერა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შესწავლილიყო და დაარქივებულიყო იქ არსებული უნიკალური მასალა.
დავითაიას თქმით, აღნიშნული პროცესი 2012 წელს უნდა დაწყებულიყო და 2015-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისთვის უცნობია, რა და როგორ მოხდა.
2007-ში მაშინდელმა ხელმძღვანელმა ხელნაწერთა ინსტიტუტის, ბუბა კუდავამ ჩამოიტანა ინასარიძის არქივი. პერიოდულად ხდებოდა ხოლმე ამ არქივების შესწავლა, მაგრამ სისტემურად მისი შესწავლა უნდა დაწყებულიყო 2012-ში და დამთავრებულიყო 2015-ში.
2011-ში, როდესაც ლევილის მამულის გადმოცემის მემორანდუმს მოეწერა ხელი, იქ შედგა პროექტი, რომლის მიხედვითაც 2014-მდე უნდა მომხდარიყო ამის ყველაფრის აღრიცხვა, დაარქივება და მუზეუმის შექმნა, რომ ადამიანებს, მკვლევარებს, შეძლებოდათ ჩასვლა და მისი გამოკვლევა, - ამბობს დავითაია.
საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას „ქართული ოცნება“ ანადგურებს. ფოტოები და ვიდეომასალა, რომელიც ლევილიდან ვრცელდება, საგანგაშოა. დანგრეულია შენობები, რაც გადარჩა, იქ წყალი ჩადის. ნადგურდება ისტრიული დოკუმენტები და ხელნაწერებიც.
კულტურის სამინისტრო კი თავს იმართლებს. წულუკიანის უწყება ირწმუნება, რომ ლევილის მამულებიდან გავრცელებული შემზარავი კადრები რეალობას არ შეესაბამება.