დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს - პატრიარქის ეპისტოლე ხელოვნურ ინტელექტზე

01.05.21 23:51
დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს - პატრიარქის ეპისტოლე ხელოვნურ ინტელექტზე

რამდენიმე წუთის წინ პატრიარქის, ილია მეორის, ეპისტოლე გამოქვეყნდა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ტექნოლოგიურ პროგრესს ეთმობა. პატრიარქის ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი მისგან მართული ხდება.

სამწუხაროდ, ამ სივრცეში კარგად არავინ არის და ყველას დიდი განსაცდელი აქვს: „ახალი სამყაროს“ წარმომადგენლებს თუნდაც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი იმდენად წინ წავიდა და საზოგადოების სულიერი განვითარება მას იმდენად ჩამორჩა, რომ ინოვაციების დამნერგავი ადამიანი თვითონ დამცირდა თავისი ქმნილების წინაშე და მისგან მართული ხდება. მათ შორის უფსკრული მომავალში უფრო გაღრმავდება და სწორედ ესაა ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, თორემ ტექნიკურ მიღწევებს, რა თქმა უნდა, სიკეთეც მოაქვს, მაგრამ უღვთო და სულიერებისაგან დაცლილი პიროვნებების ხელში იგი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს," - ნათქვამია ეპისტოლეში.

პატრიარქის ეპისტოლეში საუბარია, რომ რობოტებს თანამედროვე სამყაროში დომინანტური ფუნქცია ენიჭება, პარალელურად კი ადამიანი არასრულფასოვნებას ხელოვნური ინტელექტით "ივსებს".

ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი “შეავსებს”.
ამავე დროს, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას,რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურს,ცხოველურსა და ქიმერულსშორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი,აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.