"დანაშაული განზრახ არ ჩამიდენია" - პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეეფარდა

10.01.23 13:53
"დანაშაული განზრახ არ ჩამიდენია" - პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მღებრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებული მღებრიშვილიც. მას რაიმე სახის შეღავათი არ მოუთხოვია. თუმცა, აღნიშნა, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

უწყების ცნობით, 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გიორგი მღებრიშვილმა ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ალექსანდრე შეყელაძეს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ალექსანდრე შეყელაძეს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.