გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა - პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული

10.01.23 14:54
გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა - პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული

"გამიხარდებოდა მეცხოვრა იმ დროს, როცა სიკვდილით დასჯა იყო" - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა. გიორგი მღებრიშვილი დანაშაულს აღიარებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ  ალექსანდრე შეყელაძე განზრახხ არ მოუკლავს.

„წლები და მუხლები ჩემთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რამე შეღავათი მქონდეს. პირიქით, გამიხარდებოდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ დროს მეცხოვრა, სადაც სიკვდილით დასჯა იქნებოდა, მაგრამ განზრახ ეს დანაშაული არ ჩამიდენია",- განაცხადა მღებრიშვილმა.

საქმის პროკურორის განმარტებით, დაკავებულ მღებრიშვილის დანაშაული უკანონოდ შეძენილი იარაღით არ ჩაუდენია.

"დანაშაულის ჩადენა არ მოხდა უშუალოდ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით. ის იარაღები რაც უშუალოდ ქმედების განხორციელების მომენტში ბრალდებულს ჰქონდა, როგორც გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, მართლაც ზომიერად ჰქონდა შეძენილი", - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო დარბაზში დღეს მანდატურების განსაკუთრებული მობილიზება იყო, რადგან პროცესს მოკლულის მამაც ესწრებოდა.