გამკაცრებული წესები სააღდგომოდ - საფლავებზე მისასვლელ გზებს პოლიცია იცავს
გამკაცრებული წესები სასაფლაოებზე -ტერიტორიებს დილიდან პოლიცია იცავს. მთელს ქვეყანაში საპატრულო ეკიპაჟებს საფლავებთან მისასვლელი გზები მეორე დღეა, ჩაკეტილი აქვთ. მოქალაქეებს სასაფლაოებზე გასვლის საშუალება კიდევ 2 დღე არ ექნებათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა ამ დრომდე დედაქალაქში დარღვევის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
მთავრობის გადაწყვეტილებით შეზღუდვა არ ეხება დაკრძალვის ცერემონიას, თუმცა ჭირისუფლებმა არ იციან, რამდენ ადამიანს აქვს დაკრძალვაზე დასწრების უფლება.
საფლავზე გასვლის შეზღუდვას არამიზანშეწონილად მიიჩნევენ მოქალაქეები.
არ არის ეს ლამაზი და მიზანშეწონილი, მიცვალებულის დღე წელიწადში ერთხელაა და არ გიშვებენ საფლავზე. არ შეიძლება ასე ნამეტანი შეზღუდვა და დაბრკოლება ადამიანის, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე გასვლის აკრძალვას აპროტესტებენ გურულებიც. ადგილობრივები ფაქტს მთავრობის გაუაზრებელ გადაწყვეტილებად აფასებენ. მათი თქმით, პოლიციამ საფლავზე ქეიფი უნდა გააკონტროლოს და არა კვერცხის გაგორება და სანთლის დანთება.
არაფერი დაშავდებოდა, მიცვალებული ნამდვილად არ არის საშიში. ხალხს მისვლა უნდოდა და ვერ მივიდა. რეგულაციებს თუ სხვაგან ვიცავთ, იქაც დავიცავდით, - აცხადებს ადგილობრივი.
სააღდგომოდ დაწესებული შეზღუდვები 4 მაისის ჩათვლით მოქმედებს.