განაჩენი მაჩალიკაშვილის საქმეზე - სტრასბურგმა სახელმწიფოს 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებები არასათანადოდ გამოიძია. დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი - "სიცოცხლის უფლება" პროცედურულ ნაწილში. ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ჯამში 25 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
რაც შეეხება სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევის ნაწილს, ეს სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, გადაწყვეტილებაში წერია, რომ გამოძიება იყო ხარვეზიანი და ამიტომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.
სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევა კი უნდა გახდეს საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი - ეს უკვე "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" შეფასებაა, რომელიც მაჩალიკაშვილების ინტერესებს იცავს.