სააკაშვილის ციხეში ჩატოვება სიკვდილის ტოლფასია - ოთარ თოიძე

20.01.23 12:48
სააკაშვილის ციხეში ჩატოვება სიკვდილის ტოლფასია - ოთარ თოიძე

სააკაშვილის ციხეში ჩატოვება ისედაც სიკვდილის ტოლფასია - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ,,ვივა მედის" ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ, განაცხადა.

მედიკოსის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს 8 თვის წინ დაწყებული კახექსია და კიდურებში 6 თვის განმავლობაში მიმდინარე ატროფია აღენიშნება.

ცენტრ ,,ემპათიას" ნევროლოგმა, რომელსაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, დღეს მოსამართლეს აუხსნა, რომ დიაგნოზებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული პრეზიდენტი ახლა სიმძიმის მესამე სტატიის უკიდურეს  ზღვარზე იმყოფება, მეოთხე კი უკვე სიკვდილს ნიშნავს.

„კახექსია არის მდგომარეობა, როდესაც ადგილი აქვს წონის კატასტროფულ კლებას, აქვს თავისი პარამეტრები. აქ არის წონის გარკვეული პროცენტის კლება გარკვეული დროის განმავლობაში, არის ასევე, სხეულის მასის ინდექსის მაჩვენებელი, ან ერთი, ან მეორე უნდა ეთანხმებოდეს. ეს არის პირდაპირი კრიტერიუმები და არის გვერდითი კრიტერიუმებიც, ეს არის ანორექსია, უხასიათობა - სულ 10 კრიტერიუმია. ვინაიდან ნევროლოგიური გამოკვლევა ითხოვს პაციენტის გასინჯვას სრულყოფილად, ჩვენ ვაწარმოებდით მისი წონის მონიტორინგს, მისი სხეულის კიდურების გარშემოწერილობის მონიტორინგს. ცხრილი მაქვს, შემიძლია წარმოგიდგინოთ, მაგრამ ალბათ, უნდა მენდოთ, რომ დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში, ძირითადი ატროფია მიმდინარეობდა კიდურებში, განსაკუთრებით, წვივსა და წინა მხარში. გახსოვთ თქვენ სახალხო დამცველის მეოთხე დასკვნა, სადაც აღწერილია, რომ განლეულია საფეთქლის კუნთები, რაც კახექსიის პირველი ნიშანია. კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ და ჩვენ როდესაც შევწყვიტეთ პაციენტის მონიტორინგი, ეს არის ნოემბრის ბოლო დღეები, იმ პერიოდში კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა. დღეს არ ვიცი მონაცემები, ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია“, - განაცხადა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

 ირკვევა, რომ გუშიინ მესამე პრეზიდენტმა ,,ვივა მედის" პალატაში გონება დაკარგა და დაეცა. ამიტომ დღევანდელ სხდომას ვერც ერთი ფორმით ვერ ესწრება.