მიხეილ სააკაშვილის რესურსი თანდათან იწურება - თოიძე

20.01.23 14:17
მიხეილ სააკაშვილის რესურსი თანდათან იწურება - თოიძე

ნევროლოგმა ოთარ თოიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ვეგეტატიური ნერვული სისტემა დაზიანებულია და მისი რესურსი თანდათან იწურება. 

თოიძე ასევე მესამე პრეზიდენტის შიმშილობასაც ახსენებს და ამბობს, რომ შიმშილობის ასეთი ხანგრძლივობა მსოფლიო ლიტერატურაში ერთეულებითაა აღწერილი.

„შიმშილობის ასეთი ხანგრძლივობა მსოფლიო ლიტერატურაში ერთეულებითაა აღწერილი. ცნობილია, რომ მე-20, 30-ე დღის ჩათვლით პაციენტების მდგომარეობა იმდენად უარესდება, რომ შიმშილობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება, ან ისინი იღუპებიან. მისი ენცეფალოპათიური სინდრომები პროგრესირებას განიცდის და ვეგეტატიური სისტემის ნიშნით გამოვლინდებიან. ვეგეტატიურ სისტემას აქვს ჩვენი ენერგეტიკულ-მამოძრავებელი ფუნქცია. ის, რაც ჩვენს ტვინს აძლევს საშუალებას, რომ გადაწყვიტოს სხვადასხვა ამოცანა, ეს ლოკალურ ადგილებში წყდება, მაგრამ ვეგეტატიური ნერვული სისტემა ამ ყველაფერს ორკესტრირებას უწევს და ანაწილებს ფუნქციებს. ვეგეტატიური ნერვული სისტემა დაზიანებულია. საჭირო იყო სუდომოტორული ვეგეტატიური ტესტის ჩატარება, რომელიც საქართველოში არ კეთდება. სხვა ყველა ვეგეტატიური სინჯი დადებითია (უარყოფითი თვალსაზრისით). ასევე, ვერ მოხდა მისი წნევის დასტაბილურება, იყო ჰიპერტონიული კრიზები, კოლაფსი, კატასტროფული წნევის ვარდნა, რომელიც ზოგს გულყრა ჰგონია, მაგრამ ეს არის გონების კარგვის ვეგეტატიური შეტევები. ტემპერატურის ცვალებადობა, რომელშიც, არაა გამორიცხული, რომ ვეგეტატიური ნერვული სისტემის წვლილია, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავთ ინტოქსიკაციურ და ტოქსიკურ აგენტებსაც. ასევე არის შარდვის პრობლემები, ხშირი შარდვა“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.