თბილისის სასწრაფო, შესაძლოა, ექიმების გარეშე დარჩეს - 112-თან პროტესტი გრძელდება
თბილისის სასწრაფო, შესაძლოა, ექიმების გარეშე დარჩეს. ადმინისტრაცია მედიკოსების მოთხოვნას ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ აკმაყოფილებს.
ადმინისტრაციის შენობაში პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე არიან პროფკავშირებიც.
ექიმების და მძღოლების ნაწილი ხელმძღვანელობამ შენობაში გამოკეტა და გარეთ არ უშვებს. მეორე ნაწილი კი მოთხოვნას მენეჯმენტს გარედან უყენებს.
გარეთ დარჩენილებს ადგილზე საკვები აქვთ მიტანილი, რათა შენობის შიგნით მყოფ პროტესტის მონაწილეებს რაიმე ხერხით მიაწოდონ.
ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციის შენობაში პროტესტის გამოხატვის უფლება, გავაგრძელოთ ჩვენი უწყვეტი პროტესტი, მშვიდობიანი, რასაკვირველია. ამას, ამ წუთში გვიზღუდავენ და რა უფლებით გვიზღუდავენ ამას, ამის გარკვევას ველოდებით ახლა, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
"პირველები" სასწრაფო დახმარების პრესცენტრს დაუკავშირდა და მათი პოზიციით დაინტერესდა, თუმცა იქ განაცხადეს, რომ საკითხზე რაიმე კომენტარის გაკეთებას არ გეგმავენ.